თეგი: ალექსეი რეზნიკოვი

ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვართან განლაგებულ რუსულ ჯარებს შორის, სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება. „თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დამრტყმელი დაჯგუფება უნდა შექმნან. სამხედრო თვალსაზრისით, დამრტყმელ დაჯგუფებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: პროვოკაციები არ შეწყდება

"კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში განხორციელებული სცენარით აღიარებას განიხილავს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროვოკაციები არ შეწყდება. „პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს დასაბუთებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში განახორციელა. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე ექნებათ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის. „ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში. თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც. „ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. პრეისტორია: აპრილის ბოლოს, გერმანიაში, რამშტეინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რეზნიკოვი უკვე სთხოვდა უკრაინელებს მომზადებულიყვნენ გაჭიანურებული ომისთვის. ამ შეხვედრაზე მინისტრმა პარტნიორებს გადასცა იმ თანხების დეტალური სია, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსი ჯარისკაცებისგან მისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუს გენერლებს შორის დაიწყო შეტაკებები და ჩხუბი, რადგან მათ ეშინიათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობის გამო რეპრესიების მსხვერპლი არ გახდნენ. რუსეთის ხელმძღვანელობა სწავლის დასრულებისთანავე აგზავნის სამხედრო სკოლების კურსდამთავრებულებს ფრონტზე. 11 მაისს კონგრესის მოსმენაზე აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გაჭიანურებული ომი და აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი, შიდა პრობლემების ზეწოლის ქვეშ, დაიღლება უკრაინის მხარდაჭერით. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.